„ქალბატონო ნატო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,“- ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს განიხილავენ, ხმაური იყო. სოფო კილაძემ კოლეგა პოლიტიკურ სპეკულირებაში დაადანაშაულა.
პარლამენტში შეხვედრას სოციალური მუშაკები ესწრებიან, რომლებიც პროტესტს ისევ განაგრძობენ.
„პოლიტიკური სპეკულირების ადგილი არ არის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელზეც ვსაუბრობთ. სირცხვილია, რასაც აკეთებთ, სპეკულირებას რა. ვისაც არ დაგიჭერიათ მხარი ფუნდამენტურ რეფორმაზე და ახლა გამოდიხართ და სპეკულირებთ, ვითომ გული შეგტკივათ სოციალურ მუშაკებზე, არის სირცხვილი. თქვენ ისევე სპეკულირებთ ახლა, როგორც სხვა თემებზე სპეკულირებდით. არ გაძლევთ სიტყვას,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
დაპირისპირება სოფო კილაძესა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას შორისაც მოხდა. კილაძემ ხოშტარიას დემაგოგი უწოდა.