ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდებიან.
„კურიერის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთში დაიწყება ადვოკატებისა და მოსამართლეების შეხვედრა დაკავებულებთან, რის შედეგადაც გადაწყდება დატოვებენ ქვეყანას, თუ დარჩებიან ესპანეთში.
სკოლის მიტოვებულ შენობაში ამ დროისთვის 20-მდე ოჯახი რჩება, მათ შორის 17 არასრულწლოვანია. ისინი ელოდებიან საქართველოს კონსულისთვის მისვლას და მასთან შეხვედრას.
შენობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის დროს ესპანეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მაღალი ხელფასები აქვთ მოქალაქეებს და არც დასაქმება წარმოადგენს პრობლემას.
ქართველი ემიგრანტების თქმით, საქართველოს სოციალური პრობლემების და სამუშაოს არ არსებობის გამო ტოვებენ.
„ეკონომიკური პირობების გამო არის ძალიან ბევრი ადამიანი წამოსული. 800 ოჯახია ჩამოსული ბოლო ორ თვეში ბარსელონაში, მე ასე ვიცი. 99 პროცენტი არის ეკონომიკური მდგომარეობის გამო წამოსული... სამსახურსაც კი ვერ ვშოულობდი... მთავრობის მხრიდან ხელს გვიშლიან, რაში და საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხელფასებიაო, მე როგორც ვიცი, მგონი, მინიმუმ 500 დოლარიაო, ასე თქვა, თან სამსახურის შოვნაც არ არის პრობლემაო და ნუ ჩაიბარებთ, ვინც თავშესაფარში ცხოვრობს და ტყუილია ეგ ყველაფერი საერთოდ. რა 500 დოლარი, რომ გქონდეს შეიძლება არც წამოსულიყო ძალიან ბევრი. მერე მაქედან გამომდინარე, აქ გაფუჭდა სიტუაცია. სიტუაცია რომ გაფუჭდა ევროპაში, ქართველი ოჯახები გარეთ ათენებენ ღამეს ბავშვებთან ერთად სიცივეში და ყინვაში. აი, ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობამ ქართველებს,“ - ამბობს ემიგრანტი.
სპეცოპერაციის დღეს იხსენებს ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მისი თქმით, სამართალდამცავებმა მათი ოთახი გაჩხრიკეს.
„დედამ გაგვაღვიძა პოლიციელები არიან მოსულიო. დილას, ჩავიცვი ტანსაცმელი, გამოვედი გარეთ და მეორე კარი რომ გავაღე პოლიციელები დავინახე, გამოვიქეცი. ჩვენთან 15 შემოვიდა, ჩვენ ტახტზე დაგვაჯინეს, არ გაინძრეთო, ასე. ყველაფერი გადმოყარეს, მიყარეს,“ - ამბობს არასრულწლოვანი.
სპეცოპერაციის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და ჯერჯერობით, საქმის მასალები არ ხმაურდება.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ 11 ქართველს კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, დანარჩენებს ესპანეთში არალეგალურად ყოფნას.