26 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
"ბედავთ და ლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე," "თქვენ გაქვთ კომპარტიის მოდელი" - კამათი ბოკერიასა და თალაკვაძეს შორის

გამწარებულები ხართ, რომ გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან - არჩილ თალაკვაძის რეპლიკა ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას მოჰყვა. ოპონენტებმა "ქართული ოცნების" ლიდერი ერთპიროვნულ მმართველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია გაბრაზებულია, რადგან მათი ხელისუფლება ივანიშვილმა დაასრულა.

„თქვენ ბედავთ და ლაპარაკობთ აქ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ხალხს უნდა ვუთხრათ რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ამ ადამიანთან დაკავშირებით. ერთადერთი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ  ამ ადამიანმა შექმნა 2011 წლიდან პოლიტიკური პროცესი, პარტია და თქვენ გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან. მას შემდეგ თქვენ ხართ ფუნდამენტალურად გაბრაზებულები,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე  გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძისთვის იმის ახსნას შეეცადა, რომ პრობლემა ერთპიროვნულ მმართველობაშია და არა იმაში, ვინ იქნება ის მმართველი, ივანიშვილი თუ სხვა ვინმე.

„ბატონ არჩილს და "ქართულ ოცნებას" გაგება უჭირს რატომ გვაქვს ჩვენ პრობლემა და ალბათ თქვენც გიჭირთ, რომ რატომ გვაქვს პრობლემა როცა პარტიის მმართველი არის პრემიერ-მინისტრების უფროსი. რატომ იცით ბატონო არჩილ?-იმიტომ რომ ეგ იყო კომპარტიის მოდელი. კომპარტიაში იყო ესე. როცა პარტიის უფროსი არის ის კაცი, ვინც ნიშნავს და ხსნის პრემიერ-მინისტრებს და ეს არის არანორმალური ამბავი. იმიტომ კი არა რომ ივანიშვილია ეს, ნებისმიერი პირის შემთხვევაში არანორმალური ამბავია,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ოპოზიციის გარდა, ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც დაიმსახურა. ლევან გოგიჩაიშვილმა ოცნების მმართველობის სტილს „გაგებით მოგვარებული საქმეები უწოდა.“  

„ეს არის შემაშფოთებელი. აქ ჩვენ გვაქვს საქმე უკვე ისეთ მმართველობასთან, რომელიც გასული არის კონსტიტუციური და საკანონმდებლო სივრცისგან. რა მმართველობა არის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ გავიგეთ. ეს არის ერთპიროვნული უმართაობა, ქაოსი და კანონს მიღმა არსებული მოლაპარაკებები. "გაგებით" გადაწყვეტილი საქმეები და საბოლოო ჯამში ეს უბიძგებს მაფიოზური ტიპის სახელმწფოს შექმნისთვის,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები