26 დეკემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება - პაატა სალია განმარტებებს აკეთებს

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ხელისუფლების მიერ მისი ნაჩქარევად აღსრულება - სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია განმარტებებს აკეთებს.

საქმე ეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

პაატა სალიას თქმით, იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

„გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს.

"პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას.

"შესაბამისად, განიხილა რა, "რუსთავი 2"-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა.

"შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები