პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზაციის ბრალდებით. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულებს შორის არიან ირანისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებიც.
ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და პირადი ჩხრეკისას 3 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, იქნა დაკავებული კიდევ 2 პირი., შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. ერთ-ერთი მათგანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 1500 აბი "სუბუტექსი" ამოიღო. მეორე პირის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" 207 აბი, 1 შეკვრა "ამფეტამინი", 1 შეკვრა "ჰაშიში" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე. რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მამუკა ჭელიძის განცხადებით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 25 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 950 გრამი "კოკაინი", 11600 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 4000 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.