უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა კი, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ერთიანობაზე საუბრობს და მის შენიშვნებში შესაძლებელია ყველა იგულისხმებოდეს.
"ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე კარგად იცის დამერწმუნეთ, რომ, მათ შორის, ირაკლი ფავლენიშვილი მარტო ტელეეთერებში არ დადის. მოწოდება აქვს ყველას მიმართ.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, თუ გინდათ, რომ ამ სტატუსზე ვისაუბრო და განვმარტო, რა იგულისხმება, გეტყვით, რომ იგულისხმება, ჩვენ მიმართებაშიც იგულისხმებოდა, რომ ერთიანობის დრო არის და მეორე, რა თქმა უნდა, ზოგადად, როცა მას აქვს ხოლმე გარკვეული შენიშვნები, შეიძლება ყველა ვიგულისხმებოდეთ, მაგრამ სახალხოობაზე როცა აკეთებთ აქცენტს და ეთერებში სიარულზე და ისეთ რაღაცაზე, რაც კონფორმიზმზე უსვამს ხაზს, მე ზუსტად ვიცი, ვის გულისხმობს.
ვერ ვისაუბრებ სახელ-გვარებზე, არასერიოზული და არაეთიკური იქნება ეს. იმ ადამიანებსაც ვგულისხმობთ, პირდაპირ გეტყვით, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ პროტესტს, მუდმივად აკრიტიკებენ აქტიურობას, რადიკალიზმს ბრჭყალებში, დასცინოდნენ, მათ შორის, 4 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.