17 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
"რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან საინტერესო თვითმხილების და თვითგანადგურების პროცესი მიმდინარეობს" - თორნიკე ფაღავა ლევან ხაბეიშვილის მიმართვაზე

უცხოური აგენტურის ბრძოლა ფინანსური ინტერესებისთვის - ასეთია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ლევან ხაბეიშვილს გამოეხმაურა.

"რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან საინტერესო თვითმხილების და თვითგანადგურების პროცესი მიმდინარეობს, როგორც საზოგადოება კარგად ხედავს ურთიერთბრალდებები არ წყდება ერთმანეთის მიმართ.

რაც შეეხება ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას არ აქვს არაფრის თავი, არც ქუჩაში და არც ელექტრონულად, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით.

რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური თვალსაზრისით არის განულებული, მათი ელექტორალური მხარდაჭერა არის ნულის ტოლფასი. ერთადერთი მათი შესაძლებლობა იყო თავის დროზე მცირე, მაგრამ მხარდაჭერების რადიკალიზაციის გზით ქუჩაში, როგორმე პროცესების გადატანა, ახლა ესეც აღარ შეუძლიათ, ამასაც ვეღარ ახერხებენ. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია არის მომაკვდავ რეჟიმში," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა კი, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და "პოლიტიკურ ველზე ტივტივი".

 

დღის ამბები