კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ნათია კუკულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანსა და UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში მედიაწიგნიერების უნარების მნიშვნელობა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით დაიწყო „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი. რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, ხოლო 2023 წელს მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში ინტეგრირდა და X-XII კლასებისთვის არჩევითი საგნის სახით გახდა ხელმისაწვდომი.
პროექტის შედეგები ყოველწლიურად მზარდია - თუ 2023 წელს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს მხოლოდ 6 სკოლა ასწავლიდა, 2024 წელს მათი რაოდენობა 227-მდე, ხოლო 2025 წელს 300-მდე გაიზარდა. ამ სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონებშია. ამასთან, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 2 600 მასწავლებელია გადამზადებული.
მხარეებს შორის თანამშრომლობა გრძელდება, 2026 წლის სექტემბერში ComCom-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, UNICEF-ისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით პირველად გამოაცხადა კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების მიმართულებით კვალიფიციური ტრენერების მომზადებაა.