14 სექტემბერი 2026,   15:16
ვრცლად
გურჯაანში დედათა მონასტრის კარზე დამაგრებულმა საკვამურმა შესაძლოა X-XI საუკუნის ნაგებობა დააზიანოს

გურჯაანში სოფელ ვეჯინის დედათა მონასტრის ეკლესიის კარზე დამაგრებულია საკვამური,
რამაც შესაძლოა X-XI საუკუნის ნაგებობა დააზიანოს. შეშის ღუმელთან დაკავშირებული თუნუქის საკვამური ტაძრის მთავარ კარშია ჩამაგრებული.

საკითხი გურჯაანისა და ველისციხის მღვდელმთავარმა განმარტა. მეუფე ექვთიმე ლეჟავა ეკლესიაში ღუმელის არსებობას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ტაძარში არსებული ხატები არ ზიანდება.

"მონასტრის წევრებს გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ. წლებია, ასე თბებიან მონასტერში მცხოვრები დედები ზამთრის პერიოდში და შეშის ღუმელს იყენებენ. საკვამურის გაკეთებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ამით არაფერი შავდება და არანაირი საეკლესიო წესი არ ირღვევა. ადრე გაზი გვქონდა. შემდეგ გადახდა ვეღარ შევძელით და ამიტომ ვთბებით შეშის ღუმელით,"- განაცხადა გურჯაანისა და ველისციხის მღვდელმთავარმა მეუფე ექვთიმე ლეჟავამ.

ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს.

დღის ამბები