27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა - ოპოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

დავით ზალკალიანს სერგეი ლავროვთან შეხვედრის გამო ოპოზიცია პარლამენტში იბარებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საკომიტეტო მოსმენის ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეხვედრის შინაარსისა და მიზანშეწონილობის შესახებ კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის აუცილებლად უნდა იყოს ინტენსიური მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ ეს ერთი-ერთზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

„ეს უნდა ხორციელდებოდეს არა ერთი-ერთზე, სადაც საქართველო სუსტად იქნება წარმოდგენილი, იმიტომ, რომ რუსეთი ბევრად უფრო ძლიერი, აგრესიული და არა პატიოსანი ხელისუფლების ქვეყანაა. არამედ იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვართ ბევრად უფრო ძლიერად, ჩვენს მეგობრებთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრისგან  კარგის მოლოდინები არ აქვს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას.

„ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არც ხედვა, არც ნება და არც რწმენა იმის, რომ საქართველოს ინტერესები ამ ვითარებაში ეფექტურად დაიცვას. დამატებითი ფაქტორია თვითონ მინისტრის ფიგურაც. მას ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვს, ამიტომ ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ჰქონდეს უნარი, თუნდაც დიპლომატიური თვალსაზრისით, რაღაც საკითხი დაძრას ისე, რაც ჩვენ რეალურ სარგებელს მოგვიტანს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევენ უმრავლესობაში. გიორგი ვოლსკი დაზუსტებით ვერ ამბობს, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წინა პლანზე უნდა წამოვიდეს. 

ამავე თემაზე საუბრობს ამერიკაში საქართველოს ელჩი. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან იყო მყარი მხარდაჭერა იმისათვის, რომ დიალოგის გზები გამოიძებნოს, რათა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ყოფა შემსუბუქდეს.

 

 

 

დღის ამბები