11 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
"ყურძნის ბირჟა"

კახეთში რთველი მთავრდება. წელს მოსავალი კარგია, მაგრამ ადგილობრივებს ყურძნის ფასი აშინებთ. ფიქრობენ, რომ შემოსული თანხა ბანკში აღებული კრედიტების დასაფარად არ ეყოფათ. კახეთში რთველს წელს სიახლით შეხვდნენ, სიახლე "ყურძნის ბირჟაა". ინტერნეტ-ბაზარი და ღვინის ქარხნის ალტერნატივა - ანუ კახელი გლეხები საკუთარ მოსავალს ინტერნეტითაც გაყიდიან.

რთველი კახეთში თითქმის დასრულებულია. ადგილობრივები ბოლო მოსავალს იღებენ. ყურძენი დაკრიფა კარლო ბახუდაროვის ოჯახმაც. 20 ტონა მოსავალი მეზობლების მსგავსად, ღვინის ქარხანაში უნდა ჩააბაროს. ამბობს, რომ წლევანდელი ყურძნის ხარისხი მაღალია, გასაყიდი ფასი კი დაბალი.

კახელ გლეხს ყურძნის მყიდველის პოვნა უჭირს. ის იძულებულია, მოსავალი ღვინის ქარხნებში მიზერულ ფასად ჩააბაროს. წელს 1 კგ ყურძნის ღირებულება 70-80 თეთრია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაბალი ფასის გამო, შემოსავალი გაწეულ ხარჯებსაც ვერ ფარავს და მათ ვენახის მოსავლელად ბანკიდან გამოტანილი კრედიტის გადახდაც უჭირთ.

სულ ცოტა ხნის წინ, გლეხებისთვის ყურძნის გაყიდვის ალტერნატიული გზაც გამოჩნდა. "ყურძნის ბირჟა" - ამ სახელწოდებით გამოჩნდა ინტერნეტში ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც მოსავლის გაყიდვა შესაძლებელია.

ვებგვერდზე თავად მევენახე წერს, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ის სრულიად უფასოა.

კახეთში "რთველი 2019"  რამდენიმე დღეში დასრულდება. კახეთის შემდეგ, ყურძნის კრეფა რაჭაში დაიწყება.

 

 

დღის ამბები