დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
მოგვიანებით პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. დღესვე მცხეთის მთავარ მოედანზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
„აღევლინება პატრიარქის წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, შემდეგ გადავინაცვლებთ, სადაც მოწყობილია უზარმაზარი სცენა და ელოდება ხალხს ჩვენი დაგეგმილი სხვადასხვა კონცერტი. საღამოს კი, მცხეთის დღესასწაულს დაასრულებს ნიკოლოზ რაჭველის მიერ წარმოდგენილი გალაკონცერტი,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაულის გამო მცხეთაში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.