18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა" - მელია "ევროპულ საქართველოს" აკრიტიკებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინიციატივას აკრიტიკებს. მელია ბოკერიას წინადადებას "ქართული ოცნებისთვის" უსაფრთხოების გარანტიის მიცემად აფასებს.

"ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია "ევროპული საქართველოს" მიერ დეკლარირებული "არავინ ციხეში", ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ.

"ევროპული საქართველო" ცდილობს ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.

ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები, ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი "ქართული ოცნებისთვის" მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში!

გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ - უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა?

ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ვერცერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე.

ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება არ აქვს მიტაცებული, ცხადია არავინ მოსთხოვს პასუხს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში გამოამწყვდევს ვინმე. არჩევნებში მარცხით, მათ უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი.

დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ რევანშზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად არავის დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

პოლიტიკური განცხადებების, საქმიანობის გამო, არავინ აღმოჩნდება ოქრუაშვილივით ციხეში და არც სახლს ვუქცევთ რომელიმე პოლიტიკოსს ციხედ.

არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ.
იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები,"- წერს მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დღის ამბები