ვეტერანი ავიატორები ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოში იწყებენ. მათი მტკიცებით, აქვთ დოკუმენტები, რითიც დასტურდება, რომ თბილისის აეროპორტის აქციებს ფლობდნენ.
ვეტერან ავიატორებს მხარდაჭერას უცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც.
"ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი კანონის სრული დაცვით აქვთ გაკეთებული, დატოვეს ქონების გარეშე. დეპუტატის ვალია, მიუხედავად იმისა, რომელი ოლქის არის და რომელი რაიონის, ემსახუროს ამომრჩევლებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამართლიანობის აღდგენას ვპირდებოდით, ყოფილი "ქართული ოცნების" დეპუტატი ვსაუბრობ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ამ ნაწილში უნდა აღდგეს სამართლიანობა,"- აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატის განცხადებებს ეკონომიკის სამინისტრო წერილობით პასუხობს. სამინისტროს განმარტებით, ვეტერანი ავიატორების სახელით ჭიჭინაძე მინისტრ ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას აგრძელებს.
"საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.