13 სექტემბერი 2026,   05:09
ვრცლად
დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა - აშშ-ის პრეზიდენტი ლიდერებთან შეხვედრასა და გოლფის ტურნირზე დასწრებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ირლანდიის ლიდერებს შეხვდება, რის შემდეგაც გოლფის ტურნირს დაესწრება.

ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის ფორმატს არ ატარებს. თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ყრილობისა და 11 სექტემბრის ტერაქტის 25-ე წლისთავის შემდეგ გამართულ ამ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, ისეთი პოლიტიკურად სენსიტიური საკითხები განიხილონ, როგორებიცაა ეკონომიკური გამოწვევები და ირლანდიელი ლიდერების შეშფოთება ირანის ომთან დაკავშირებით.

ტრამპი 48-საათიან ვიზიტს იმ ფონზე მართავს, როდესაც რესპუბლიკური პარტია აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის შესანარჩუნებლად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. 

დუბლინის აეროპორტში ამერიკის პრეზიდენტს ირლანდიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ.

ირლანდია ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად პროპალესტინური ქვეყანაა. ივლისში ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასახლებებთან საქონლით ვაჭრობას ზღუდავს. აღნიშნული კანონი ამერიკელმა კანონმდებლებმა და აშშ-ის ელჩმა ირლანდიაში გააკრიტიკეს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი აშშ-სთან პოლიტიკურ უთანხმოებებს აქამდე ერიდებოდა.

"ირლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ორივე მხარისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია," - განუცხადა მარტინმა ჟურნალისტებს ტრამპის ვიზიტზე საუბრისას. 

ათწლეულების განმავლობაში, ირლანდიის ხელისუფლების მიერ სამუშაო ადგილებისა და კორპორაციული გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების პრიორიტეტიზაციის შედეგად, ამერიკული კომპანიები ქვეყანაში სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ს ასაქმებენ. ამან ირლანდიას ბოლო წლებში ევროპაში ყველაზე ჯანსაღი სახელმწიფო ფინანსები მოუტანა.

 

დღის ამბები