ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიოთ. მათგან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსი სამხედროები ყოველდღიურად გადაადგილდებიან. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილება და საკუთარ მიწებსაც კი მხოლოდ პოლიციის დაცვის ქვეშ ამუშავებენ, არანაკლებ მძიმეა მათი სოციალური ყოფა. სოფელ ჩორჩანაში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ, ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მედიის გადაადგილებაც შეზღუდულია.
თამაზ ლომიძე ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ძალების გამოჩენის შემდეგ იძულებული გახდა სოფლის მიტოვებაზე იფიქროს. ჩორჩანის მცხოვრები შიშობს, რომ ტყის დაკარგვას საძოვრების მიტაცებაც მოჰყვება.
ჩორჩანელებისთვის ტყე მის ოკუპაციამდე შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო, ადგილობრივები სოფელთან მიმდებარე ტერიტორიებზე სოკოს აგროვებდნენ და გასაყიდად ყვავილებსაც კრეფდნენ. როგორც ჩორჩანაში ამბობენ, საოკუპაციო ძალები სოფელთან იმდენად ახლოს არიან, რომ საღამოს საკუთარ ყანებში გასვლისაც კი ეშინიათ.
რუსი ოკუპანტების გარდა ჩორჩანელებს კიდევ რამდენიმე პრობლემა აქვთ. არ ჰყავთ ექიმი. სოფელს აქვს ამბულატორია, რომელიც კვირაში 6 დღე ცარიელია. ამბულატორიისგან განსხვავებით სოფლის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ სკოლა, საშუალო განათლების მისაღებად მოსწავლეები მეზობელ სოფელში დადიან.
სოფელში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ადგილზე ჩასული გადამღები ჯგუფი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ვერ შევიდა. ძალოვანი უწყების პრესსამსახური "კურიერთან" სატელეფონო სუბრისას აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება მედიისთვის ამ ეტაპზე მკაცრად აკრძალულია.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საგუშაგოების აშენებას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამენ ხელისუფლებაში. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების განცხადებით, რუსულ მავთულხლართებთან დასაპირისპირებლად დასავლელი პარტნიორების დახმარების იმედი აქვთ.
მიუხედავად იმის, რომ ჩორჩანელები ქართველ სამართალდამცავებს სოფელში და მის შემოგარენში ყოველდღე ხედავენ, თავს მაინც დაუცველად გრძნობენ.