14 სექტემბერი 2026,   16:02
ვრცლად
თამთა თოდაძის ადვოკატი კონკრეტული პირების დაკითხვას და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს

თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. ქალი, რომელიც მაღალჩინოსანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, კონკრეტული პირების დაკითხვას და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს. უფლებადამცველი თვლის, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინცინდენტის შემდეგ, მაჟორიტარის ოფისში პირველად მივიდნენ. ადვოკატმა მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც ჯიშკარიანის მხარემ დაზარალებულს კონტრ-ბრალდებები წაუყენა.

თოდაძის ადვოკატის განცხადებით, დიდი მოლოდინი აქვს, რომ მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და ყველა პირი, ვინც იმ დღეს თამთა თოდაძესთან სახლში იმყოფებოდა გამოიკითხება.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თოდაძესთან სახლში იმ დღეს, ვინაიდან ისინი არიან უშუალოდ შემსწრეები იმ ფაქტისა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამთა. ასევე ეს თემა, რომელზეც აპელირებს მოპასუხე მხარე, რომ თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა თამთა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც მათ აქვთ ინფორმაცია. ველოდებით წინასასამართლო სხდომას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ ეტაპისთვის უკვე სასამართლო პროცესზე პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით," - განაცხადა ადვოკატმა თამუნა ლუკავამ.

დღის ამბები