26 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ კლავს ანაკლიის პორტის იდეას" - "ლელოს" სპიკერი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის საკითხზე საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

"ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის იდეა მოკვდეს. ხელისუფლება ვალდებულია, საქართველოს მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავიგოთ სრული სიმართლე ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ამიტომ, თუ ხელისუფლების ინტერესებში ეს შედის, ისინი ვალდებულნი არიან შექმნან საპარლამენტო კომისია, რომელიც ღიად, გამჭვირვალედ იმუშავებს, სადაც ყველა დოკუმენტი თავიდან ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა გაიგოს ვინ და რატომ კლავს ანაკლიის პორტის იდეას," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან.

"წელიწადნახევარია ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა, რომელიც ინსპირირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის კონსორციუმის პოზიციას, ეს თვითონ მმართველმა ორგანომ გამოხატა თავისი პოზიცია და უნდა დაველოდოთ საქართველოს მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 15 ოქტომბრამდე ორი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი.

კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ახალი ინვესტორები უკვე ჰყავთ. საუბარია ორ კომპანიაზე, რომელთაგან ერთი ყაზახური "Meridian Capital Limited"-ია, ხოლო მეორე კომპანია კი ჰოლანდიური "Van Oord​"-ი.

ამავე თემაზე
დღის ამბები