14 სექტემბერი 2026,   17:13
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენები - სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ვიდეომასალის შემსწავლელი ექსპერტები დაიკითხებიან

20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს ის ექსპერტები გამოიკითხებიან, რომლებმაც საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებები შეისწავლეს. სწორედ მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მტკიცებულება, რაც მოქალაქეების დაკავების საფუძველი გახდა. დღეს სულ 11 პირის საქმეზე იმსჯელებს სასამართლო. მათგან 6 პირის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღეს 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, არის რამდენიმე პროცესი ჩანიშნული, ერთ-ერთი მათგანი უკვე დაიწყო, სადაც სასამართლო 6 პირის ბრალდებასთან დაკავშირებით ამ წუთებში მსჯელობს. ესენი არიან ბესიკ თამლიანი, ზურა ბუდაღაშვილი, ლევან ჯიქური, რომელიც წინა ერთ-ერთ პროცესზე გათავისუფლდა და გირაო შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიქური უკვე გათავისუფლებულია. მან აღიარა დანაშაული, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ სხვა დანარჩენი პირები, რომლებიც კვლავ პატიმრობაში რჩებიან დღესაც არ აპირებენ დანაშაულის აღიარებას, შესაბამისად მათი შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ იქნება.

"რა უნდა აღიარონ? არ ჩაუდენიათ დანაშაული ცალსახად და ქმედება არის უბრალოდ პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი გამოხატულება ამ შემთხვევაში. როგორც წინა სასამართლო პროცესზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ განხორციელებულა. დაცვის მხარეს ვისაც აქვს წარმოსათქმელი შესავალი სიტყვები იმას დაასრულებენ ალბათ და მერე იქნება გამოკვლევა მტკიცებულებების, ალბათ მოწმეებს მოიყვანს ბრალდების მხარე," - აცხადებს ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი.

პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტები ჩატარებულ სექსპერტო კვლევებზე და მათ მიერ გაცემული დასკვნის შესახებ ისაუბრებენ.

"ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს ექსპერტებს, რომლებმაც შეადგინეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. ისინი ისაუბრებენ ჩატარებული საექსპერტო კვლევების და მათ მიერ გაცემული დასკვნის შესახებ. შემდეგ სხდომებზე ასევე წარმოადგენს ბრალდების მხარე მის მტკიცებულებებს," - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედა დღევანდელ სასამართლო სისტემას უდანაშაულოს უწოდებს და ამბობს, რომ სიმართლის დადგენის მოლოდინი არ აქვს.

"უსამართლო სასამართლო გვყავს დღეს დღეობით, რა მოლოდინზეა ლაპარაკი, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ამათმა გაახილონ თვალი და დაინახონ, რომ დამნაშავე დამნაშავეა, უდანაშაულოც უდანაშაულოა. აი ამ ქმედებისთვის, რისთვისაც ჩემი შვილი აქ ზის და უნდათ კიდევ ეს სისხლის სამართლის სასჯელი შეუფარდონ, ამის გულისთვის უკვე იყო ადმინისტრაციული სასჯელით დასჯილი, 12 დღე მიუსაჯეს," - განაცხადა რუსუდან თამლიანმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები