კიბერთავდასხმის შედეგად დაზარალებული კომპანიები ზარალს ითვლიან. პარალიზებული ვებგვერდებისა და სერვერების უმრავლესობა ამ დროისათვის გამართულად მუშაობს.
თავდასხმამ მათ სოლიდური მატერიალური ზარალი მიაყენა. რამდენიმე საათის განმავლობაში 15 000 - მდე ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელი იყო, რამაც კომპანიებისა და ორგანიზაციების მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.
"ზარალის ზუსტი ოდენობა კვლავაც არ ვიცით, იქიდან გამომდინარე, რომ საიტი სრულად აღდგენილი არ არის და არ ვიცი რისი გადარჩენას და შენარჩუნებას შევძლებთ. ჩვენ მხოლოდ სერვერიდან არ ვიყავით გათიშული, კიბერშეტევის შედეგად, "იმედის" მაუწყებლობა 20 წუთი გათიშული იყო,"- აცხადებს "იმედის" იურისტი, ანდრო ლაშხი.
ამ დროისთვის "გამჭვირვალობა საქართველოს" სამივე გვერდი აღდგენილია, თუმცა მათი ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად ორგანიზაციის ზიანი ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, კიბერშეტევის მსხვერპლი არცერთი სამინისტრო არ ყოფილა. იუსტიციის მინისტრი დაზარალებულ უწყებებს, მაღალი სტანდარტის სერვისის დანერგვისკენ მოუწოდებს, რომ მომავალში მსგავსი შეფერხება თავიდან აიცილონ.