13 აგვისტო 2022,   16:43
ვრცლად
"მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ თქვენნაირი ინვესტორები ჩვენ არ გვაინტერესებს" - კოჟორიძე "მერიდიანის" უარზე

Meridian Capital-ის გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობაზე უარს ამბობს, საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოში" აფასებენ. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დიდი ხანია პროექტის შეჩერებისთვის ყველაფერს აკეთებს. კოჟორიძე ამბობს, რომ კომპანია "მერიდიანმა" შეიტყო, რომ მთავრობა უარის თქმას აპირებდა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება დაასწრო.  

“მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს არა პროექტის განსახორციელებლად, არამედ ამ პროექტის გასაჩერებლად. გაჩერებული საქართველოს სიმბოლოდ გადაიქცა და ბაყაყების ყიყინი ისმის იქ, სადაც ძალიან დიდი ტევადობის გემებს უნდა ევლოთ. "მერიდიანმა" გაიგო, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა უარყოფითი მთავრობის მხრიდან და შესაბამისად, არც ერთ ინვესტორს არ აწყობს, რომ მისი იმიჯი დაზიანდეს რომელიღაცა მთავრობის უარყოფითი გადაწყვეტილებით. ამიტომ, მათ დაასწრეს საქართველოს მთავრობას ოფიციალური პასუხი, თვითონ თქვეს, რომ ჩვენ მივდივართ. საკუთარ კაბინეტში, ქალბატონმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა პირდაპირ უთხრა, რომ თქვენნაირი ინვესტორები ჩვენ არ გვაინტერესებს და რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა "მერიდიანს", რომ მათთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა მთავრობის მიერ მიღებული," - განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამია რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ. მერიდიანი მთავრობისგან ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერებას ითხოვს. 

დღის ამბები