26 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
აგებს თუ არა პასუხს მეუფე იაკობი სკანდალური ბრალდებების შემდეგ - პატრიარქმა სინოდის სხდომა ჩანიშნა

პატრიარქის ახალი გადაწყვეტილება - 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა დაინიშნა. თითქმის 10 თვიანი პაუზის შემდეგ, ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დაიწყებს თუ არა ეკლესია მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. 

სინოდის წევრი და ბოდბის ეპისკოპოსი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. მისი ავტომობილი, დღეს საპატრიარქოს ტერიტორიაზე კამერებმა გადაიღეს, თუმცა მისი ყოფნა რეზიდენციაში ოფიციალურად არ დადასტურებულა. საქართველოს საპატრიარქოში არც სხვა შეხვედრები გამართულა, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები აქვთ თანამშრომლებს და სინოდის სხდომას ელოდებიან.

სინოდის სხდომის მოლოდინში არიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც. 2019 წელს წმინდა სინოდის წევრები ერთხელაც არ შეკრებილან. სასულიერო პირებს მიმდინარე პროცესებზე კითხვის ნიშნები აქვთ.

მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის პოსტი გუშინ დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა ის საპატრიარქოს ზნეობის კომისიაში. ცნობილია, რომ მას ბოდბის ეპისკოპოსის პოსტი და სინოდის შემადგენლობა არ დაუტოვებია. თეოლოგები ამბობენ, რომ მეუფე იაკობის ქმედებებსა და განცხადებებზე წმინდა სინოდმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და საეკლესიო სამართალმა დაადგინოს, იცრუა თუ არა მაღალი იერარქიის მღვდელმა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ბოდბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. 

ახალი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს საუკუნის საქმის ადვოკატი. მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურამ ჯერ კიდევ 2 წლისა და 8 თვის წინ, როდესაც მამალაძე დაიჭირეს, გამოძიება დაიწყო მისი თანამონაწილეების დასადგენად. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის მხრიდან დასახელებული მაღალი თანამდებობის პირების, გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხავს ითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ 2017 წელს დეკანოზი მამალაძე შეთქმულების მსხვერპლი იყო.

პროკურატურას ამ დრომდე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია - გეგმავს თუ არა უწყება გამოძიების დაწყებას. სამართლებრივი რეაგირების შემთხვევაში ოფიციალური განცხადება გავრცელდება.

დღის ამბები