19 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
დაზარალებულის სტატუსის გარეშე დარჩენილი დაშავებულები და ძალის გადამეტება - რა დარღვევები მოხვდა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული იყო არაპროპორციული და გადამეტებული საპოლიციო ძალა. ანგარიშში ასევე წერია რომ 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ხარვეზებით წარიმართა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემდგომი პრევენციისათვის აუცილებელია მოვლენების სწორი შეფასება.

ბესლან კმუზოვი ერთ-ერთია 40-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავდა. აქციის დაშლის დროს 8 ტყვია მოხვდა. მათ შორის ნარინჯისფერი რეზინის ტყვიაც, რომლითაც მძიმე დაზიანება მიიღო.

ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენები შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ადამიანის უფლებათა ცენტრი დოკუმენტში ჟურნალისტების დაზიანების ფაქტებს, მათ შორის კმუზოვის შემთხვევას ცალკე თავი ეთმობა, თუმცა დოკუმენტი ვრცლად მიმოიხილავს სხვა მიმართულებებსაც. დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა. ორგანიზაციამ დღეს დასკვნებთან ერთად რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა.

დაზარალებულის სტატუსი კვლავ არ აქვს მინიჭებული მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა. გომურის და კიდევ 20 პირისთვის სტატუსის მინიჭებას საია სარჩელით ითხოვდა. დღეს სასამართლომ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი წერილობით განმარტა. 

მიკერძოებული მიდგომა და შერჩევითი სამართალი - 20 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე საუბრისას დღეს ოპოზიციამ კვლავ ეს ეპითეტები გამოიყენა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, დეპუტატები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ დაზარალებულებზე საუბრისას საზოგადოებამ არც პარლამენტზე შტურმის მცდელობა უნდა დაივიწყოს. 

ოფიციალური მონაცემებით 20 ივნისის აქციის დაშლის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაზიანებები აქტივისტებმა, პოლიციელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. დაზარალებულად ცნობილია 70-ზე მეტი პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე. მძიმე შედეგების ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი რეკომენდაციები ეფექტური გამოძიება და სამომავლოდ დემონსტრაციების მართვის მეთოდების გადახედვაა.

დღის ამბები