"გვიყვარხარ" - ამ შეძახილებით დღეს სამების საკათედრო ტაძარში მორწმუნეებმა ილია მეორეს მხარდაჭერა გამოხატეს და ტაძრიდან გამოსული ემოციურად გააცილეს. მანამდე კი, ტაძარში შეკრებილ მრევლს კათალიკოს-პატრიარქმა ქადაგების ნაცვლად შეგონებით მიმართა და ყველას სამშობლოს და ეკლესიის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. სინოდის მძიმე სხდომის შემდეგ ეს ილია მეორის პირველი მიმართვა იყო.
სამღვდელოების და მეუფეების დიდი ნაწილი საკვირაო წირვას დღეს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სინოდის შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების, ბოლო დროინდელი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების შემდეგ თითოეული მათგანი დღეს ეკლესიის ერთიანობასა და პატრიარქის დღევანდელ შეგონებაზე აკეთებდა აქცენტს.
სამების საკათედრო ტაძარში და მეუფეებთან საუბარში, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ისევ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო. როგორც სასულიერო პირები მიიჩნევენ, უკვე ყოფილი მიტროპოლიტი თავისი გამონათქვამებით საეკლესიო ჩარჩოებიდან გავიდა და სინოდის განჩინებას უნდა დაემორჩილოს.
სად უნდა წავიდეს უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე?! იქ, სადაც სინოდმა გაამწესა თუ საკუთარი ნებით შერჩეულ ადგილას. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, თუ ყოფილი მღვდელმთავარი სინოდს ამჯერადაც არ დაემორჩილება, არ არის გამორიცხული, მაღალი იერარქიის პირების მონაწილეობით სხდომა კიდევ ერთხელ ჩაინიშნოს.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს არ დასწრებიან. ეკლესიაში მხოლოდ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქთან ერთად სხვადასხვა ეპარქიებიდან 15-მდე მღვდელმთავარი ატარებდა.