19 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის გამო დაკავებულს დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის გამო დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს დღეს ყვარელში ბრალი ოფიციალრუად წაუყენეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

როგორც დაკავებულის ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებენ, 56 წლის მამაკაცი თავს იცავდა და მის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ. 

500-მდე ხელმოწერა უკვე შეგროვდა -  ქვემო ბოდბის მოსახლეობა თანასოფლელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ პაატა მაჭარაშვილმა სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი თოფიდან გასროლით დაჭრა, თუმცა ამბობენ, რომ 56 წლის მამაკაცი თავს იცავდა.

როგორც სოფელში ამბობენ, გამგებლის შვილი და მისი თანმხლები პირი ე.წ. ქურდული მეთოდებით ხორბლის გამოძალვას ცდილობდნენ. დაზარალებულს, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, რეკეტში ადანაშაულებენ. 

შემთხვევის ამსახველი კადრები უკვე აქვს გამოძიებას, სავარაუდოდ სათვალთვალო კამერამ მომხდარი სრულად დააფიქსირა. გამომძიებლებმა  დანაშაულის იარაღიც ამოიღეს.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მანამდე კი სოფელში, მოსამართლისთვის წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. ოჯახი და ადგილობრივები იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რომლის გამოც, მათივე თქმით, პაატა მაჭარაშვილი პატიმრობაში არ უნდა დარჩეს.

დაზარალებულის მამის და მირზაანის გამგებლის განცხადებით, სოფლის მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებს. გამგებლის ვერსიით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მის შვილს თავდაპირველად გამყიდველმა მიაყენა. დაპირისპირება კი ხორბლის ფასზე კამათს მოჰყვა. 

პაატა მაჭარაშვილი შემთხვევიდან მალევე თავად ჩაბარდა პოლიციას. მხარეთა პოზიციებს ხვალ ყვარელში, სასამართლოზე მოისმენენ. პროცესს არ დაესწრება თავად დაზარალებული.

31 წლის კობა თარაშვილი მკლავშია დაჭრილი და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

დღის ამბები