"კურიერმა" დაახლოებით 10 დღის წინ გაასაჯაროვა ვახტანგ გომელაურისა და იოსებ გოგაშვილის ჩვენებების ფრაგმენტები, სადაც გომელაური საუბრობს, რომ სწორედ მან გასცა სპეცოპერაციის ბრძანება ღამის საათებში, რადგან ხეობა არის საკმაოდ სენსიტიური და არსებობდა საფრთხე, რომ ადგილობრივები წინააღმდეგობას გაუწევდნენ.
აღნიშნული ჩვენებების სხვა დეტალები დღეს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტებმაც გაასაჯაროვეს.
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისა და ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმებში საუბარია, თუ ვინ გასცა პანკისის სპეცოპერაციის ბრძანება და მიზეზი, თუ რატომ შევიდნენ ღამის საათებში.
დღეს აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუსმა სპეცოპერაცია არა ღამით, არამედ დღის პირველ ნახევარში დაიწყო. რაც შეეხება წინააღმდეგობის გაწევას, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სუსს ამით პანკისის ხეობაში პროვოკაციის მოწყობა უნდოდა.
"დღეს ამ ხელისუფლებას, ამ ბოროტ, სისხლიან სისტემას, ეს საქმე კბილებით უჭირავს. გუშინ მე დავსვი შეკითხვა, თუ ეს ყველაფერი სისხლში არის ამოსვრილი, რომელი ხელყუმბარაც თემირლანს ეჭირა ხელში, რატომ არ ამჩნევია ამ ხელყუმბარას ერთი წვეთი სისხლი," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, იმ ღამით თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და სპეცრაზმელის შესვლას ვერ გაიგებდა.