შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რუსი ოკუპანტების მიერ ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ფაქტს ეხმაურება.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ქვეშეთიდან გატაცებული ზაქრო ბუთხუზი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის მორიგ უკანონო გატაცებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა.
"კიდევ ერთი უკანონო დაკავება მოხდა - გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან გატაცებულ იქნა საქართველოს 28 წლის მოქალაქე, გვარად ბუთხუზი, რომელიც, უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. მუდმივ რეჟიმში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე, ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი მოქალაქე, უკანონო პატიმრობიდან, დროულად და უპირობოდ განთავისუფლდეს, " - განაცახადა, სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი სოფელ ქვეშთან, საკუთარი ნაკვეთიდან გუშინ გაიტაცეს.