12 სექტემბერი 2026,   01:03
ვრცლად
​ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე საუბრისას, ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა მოკვლევებზე, რომელიც შეეხებოდა: ფარმაცევტული ბაზრის საქმეს, ავტოიმპორტიორთა საქმეს, ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმეს, ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით „თიბისი ბანკის“ და შპს "თინეთის" საქმეს.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ფარმაცევტული ბაზრის საქმეზე მოკვლევის ფარგლებში, 4 კომპანიას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუდგინდა, რაც გამოიხატებოდა მედიკამენტებზე (ჯამში 7 მედიკამენტი) არასამართლიანად მაღალი ფასების დაწესებაში. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები დასანქცირდა და ჯარიმამ, ჯამურად, 559 357.01 ლარი შეადგინა.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბაზრების შეფასება და მონიტორინგი.

"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ბაზრები, რომლებსაც მუდმივად ვაკვირდებით და ვაფასებთ. ერთ-ერთი ასეთი ბაზარი არის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის ბაზარი. ჩვენ ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ამ ბაზარზე არსებული ვითარება, კერძოდ, როგორია ბაზრის მოცულობა, ბაზრის დინამიკა, წამყვანი კომპანიების წილები და არის თუ არა დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ მიმართულების დომინანტურ მდგომარეობას ჯერჯერობით ადგილი არა აქვს, თუმცა ვადასტურებთ, რომ მთლიანობაში ქსელების წილი მზარდია. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წელს აქტიურად იმუშავა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ და დასკვნებიც მიიღო ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ კომისიის მუშაობაში ჩვენი უწყებაც იყო ჩართული და შესაბამისი ანგარიშები იყო წარდგენილი", - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ ბაზარზე უფრო სამართლიანი ფასების ფორმირების მიმართულებით შემუშავებულ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ღონისძიებებზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

დღის ამბები