საქართველოს პარლამენტში, დიასპორის კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ და დიასპორის წარმომადგენლების საქმიანობასა და როლზე ისაუბრა.
"მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის კავშირის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე, უფრო პრაქტიკული და უფრო შედეგიანი გახადოს. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ სადაც უნდა ცხოვრობდეთ, ინარჩუნებთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას, საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოსთან კავშირს. მადლობა იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს ასევე მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და ხაზი გაუსვა უცხოეთში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვან როლს საქართველოს წარმოჩენასა და ქვეყნის განვითარებაში.
"თითოეული თქვენგანი, თქვენი წარმატების ისტორიით, საქართველოს ელჩები ხართ. თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, თქვენს გვერდით მყოფ ადამიანებს უმტკიცებთ, თუ როგორი კარგები ვართ ქართველები და საქართველოს საუკეთესო სახეს აჩვენებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენთვის მშვიდობიანი საქართველო შევინარჩუნოთ და ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა დაგახვედროთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ღონისძიების ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება და მათი საქმიანობის წარმოჩენა წარმოადგენდა.