26 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
შესაძლოა ფილმის მაყურებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ- NGO-ები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და შსს-ს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დაუშვებელია საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ფილმი აინტერესებს ამის გამო პრობლემები ექმნებოდეს - აცხადებენ სამოქალაქო სექტორში და მთელ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თავისუფალი ნების შეზღუდვა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსურდია და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ძალები, რომლებმაც ფილმის ჩვენების ჩაშლა დააანონსეს მართულები იყვნენ.

საია-ს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის მოსაზრებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს ადამიანები და მათი უფლება ნახონ კონკრეტული ფილმი, პოლიციის ადეკვატური რაოდენობის მობილიზების გზით ადგილზევე იყოს დაცული. გიორგი გოცირიძეს მტკიცებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მაყურებლები სხვა ჯგუფების მხრიდან ფიზიკური ხასიათის ზემოქმედებას დაექვემდებარონ, რომლებმაც კინოთეატრების პიკეტირება დააანონსეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი განცხადებით, ის ჯგუფები, რომლებიც კინო ჩვენების ჩაშლას აანონსებენ ძალადობრივ პრაქტიკებს სჩადიან. თამთა მიქელაძის მტკიცებით, საფრთხე, რომელიც აღნიშნული ჯგუფებიდან გამომდინარეობს სერიოზულია და მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დროული და ეფექტური პრევენციული ზომები მიიღოს.

"მოვუწოდებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამ საქმეზე დაეწყო დროული გამოძიება და მათ შორის პრევენციული მიზნებისთვის გამოეკითხა ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდნენ," - აცხადებს თამთა მიქელაძე.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები