პარლამენტის პლენარული სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
სიტყვიერი დაპირისპირება "ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები" ღიად დაადანაშაულა.
"შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე შეაფასო ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სრულიად გამიზნულად დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობა" თავის განაყოფებთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ხედავთ, რომ ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას
რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ, გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ!," - მიმართა უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
"არ ვიცი, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე თუ უტიფრობასთან. ბატონებო, ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე - მეუფე იაკობი და თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაბრალებთ ამ ყველაფერს და ბატონი დიმიტრი რომ გამოდიოდა გამიკვირდა. ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?! იმიტომ, რომ სხვას არავის ამ ქვეყანაზე ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს არ აბრალებენ. გახარიას და ივანიშვილს აბრალებენ მხოლოდ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის განცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.