11 სექტემბერი 2026,   21:06
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს  

საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის არიან გიგა მაქარაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ასევე ირაკლი ნადირაძე. მათი საქმეების განხილვა მოსამართლემ 17:00 საათამდე გადადო. მიზეზი ადვოკატების მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვით, უფლებადამცველებს მტკიცებულებების დამატებით შესწავლა სურდათ, რისთვისაც სხდომის გადადება რამდენიმე დღით ან თუნდაც ერთი დღით მოითხოვეს.

მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო. ფაქტმა როგორც აქტივისტების, ისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდნენ.

საქალაქო სასამართლოში იმყოფება "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, რომლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი მართვის სადავეებს კარგავს.  

"ეს არის ერთადერთი ენა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება თავის მოქალაქეებს და როდესაც ხელისუფლებას სხვა სალაპარაკო ენა მოქალაქეებთან არ გააჩნია, რასაკვირველია კარგავს ხელისუფლებას,  ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაკარგავს ხელისუფლებას,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

სასამართლოში იმყოფება "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. მისი განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებმა მოახერხა, რომ ოპოზიციის მთელი სპექტრი მის წინააღმდეგ გააერთიანა და არ დარჩა არც ერთი მცირე ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.

სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრს, კახა კოჟორიძეს. მისი თქმით, ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება "ტრადიციებს" არ უღალატებს და ისევ უკანონოდ გააგრძელებს საქმეების განხილვას.

დაკავებულების მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში მივიდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომლის შეფასებით, ადამიანები სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამო არიან დაკავებულები.

სულ გუშინ 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წევრები და აქციის ორგანიზატორები. სამართლდამცავები დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

სასამართლოს შენობასთან დილიდან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

 

დღის ამბები