ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელების მთავარი მკურნალი, რომელიც მზად არის მის გამოსახსნელ მშვიდობიან აქციაში თავადაც ჩაერთოს. მხარდასაჭერი წერილი ექიმმა ლევან ნაჭყებიამ ესპანური კლუბის ექიმისგან დღეს მიიღო.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მისი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ “წითელი ჯვრიდან“ მიღებული ინფორმაცია აქვს. მისი მეგობარი ლევან ნაჭყებია კი იხსენებს, რომ ვაჟა ექიმი მონაწილეობდა არა საომარ მოქმედებებში, როგორც ამაზე საოკუპაციო რეჟიმი საუბრობს, არამედ რუსული თვითმფრინავების დაბომბვის შედეგად დაშავებული მოქალაქეების გადარჩენაში. ექიმი ლევან ნაჭყებია იმ ორ რუს პილოტსაც მიმართავს, რომელთაც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უმკურნალა.
ის, რაც ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ჰიპოკრატეს ფიცის შესრულება და ჰუმანური აქტი იყო, საოკუპაციო რეჟიმმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობად ჩაუთვალა. დღეს, ოკუპირებულ ცხინვალში ექიმის უკანონო ტყვეობას საკმაოდ ცინიკურად გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ მას ადვოკატი შესთავაზეს.
საოკუპაციო რეჟიმმა არც საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებს მიაქცია ყურადღება და ცხინვალიდან ჟენევის თანათავმჯდომარეებიც იმედგაცრუებულები გამოუშვა. კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მხოლოდ ადგილობრივ მედიასთან ერთხელ გამოჩნდა. ტოივო კლაარმა აღიარა, რომ ექიმის გასათავისუფლებლად მცდელობა იყო, თუმცა უშედეგო.
საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა პირობა დადეს, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ყველაფერს იღონებენ, თავად დავით ზალკალიანი კი ვაჟა ექიმზე სასაუბროდ ევროპაში გაემგზავრა.
სანამ მთავრობა ექიმის გათავისუფლებისთვის დახმარებას ევროპას სთხოვს, უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ოკუპანტებს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარი თავის დატყვევებას სთავაზობს.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე დამატებითი ინფორმაციისა და ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაგებად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შეკრებას ითხოვს დეპუტატების ნაწილი. ოპოზიცია შეფასებებში მკაცრია და აცხადებს, რომ ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად უფრო სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან ხელოვანებიც. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასმა დატყვევებულ ექიმს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა და თეატრის წინ აქცია გამართა. სოლიდარობის ნიშნად გორის ერისთავის სახელობის თეატრი სპექტაკლს დაიწყებს სიტყვებით -"სოლიდარობა ვაჟა ექიმს".
ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს ცხინვალის იზოლატორში ტყვეობის მე-12 ღამეს გაატარებს.