პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი უქმეებზე ციხეს ტოვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მსგავსად, კოდექსში შესაბამისი ცვლილებით მანამდე 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა, ამჟამად კი, ათი პატიმარი სარგებლობს.
"N16 პენიტენციური დაწესებულება არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად, ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი, ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, დასვენებისა და უქმე დღეებში, შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა",- აცხადებენ უწყებაში.
ამავე ცნობით, სასჯელის მოხდის პერიოდში, აღნიშნული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი არ გამოუყენებიათ და ისინი კანონმდებლობისთვის შესაბამს სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.