26 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
სტრასბურგის ცენტრში საქართველოს დროშა ჰიმნის თანხლებით აღიმართა 

ევროკავშირის, საქართველოსა და საფრანგეთის ჰიმნების თანხლებით, ქართული დროშა  სტრასბურგის ცენტრში ოფიციალურად აღმართეს. ქალაქში კი უკვე გამოჩნდა ტრამვაი- ქართული ანბანით. 

სიტყვით გამოსვლის დროს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც ქვეყანამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

“ჩემთვის დიდი პატივია სტრასბურგში ყოფნა. ქალაქი, რომელიც შერიგების და მშვიდობის სიმბოლოა, ასევე პიონერი ევროპულ ინტეგრაციაში. საქართველო ევროსაბჭოში შესვლის მეოცე წლისთავზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, ის გვაძლევს შანსს, საინტერესო პროგრამის საშუალებით, ქართული კულტურა, ხელოვნება და სამზარეულო წარმოვადგინოთ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მიესალმება საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას.

“საქართველო დღეს იწყებს თავმჯდომარეობას, მისი თავმჯდომარეობა იქნება დამყარებული ისეთ პრინციპებზე, როგორიც არის ადამიანი უფლებები და გარემოს დაცვა. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეს პრიორიტეტები აქვს არჩეული.“ - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

დღეიდან, 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა იქნება. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ცერემონიის ერთი ნაწილი დასრულებულია.

 

დღის ამბები