22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ოპოზიცია აქციაზე დაკავებულთა საქმეების პოლიტიზირებაზე საუბრობს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებული აქციის მონაწილეების პროცესს თვალს ადევნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. 

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა საქმეები პოლიტიზირებულია და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"ამ საქმეებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ესაა პოლიტიზირებული საქმეები და ეს ადამიანები დააკავეს უსამართლოდ. არცერთი მათგანის დაკავებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე საქმეებში არსებულ ცრუ ჩვენებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"რა მითითებასაც მიიღებს სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, იმ გადაწყვეტილებას გამოიტანენ და არა კანონით და ა.შ. იქ კანონს არავინ არღვევდა, პოლიცია მივიდა, დაიწყო დაკავებები და ცრუ ჩვენებებით აქვთ სავსე საქმეები," - განაცხადა ოთო კახიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

"შიშისგან  ისეთი შოკი განუვითარდათ, როგორც იმ ცნობილ ფილმშია, ბროწეულის ოყნაც კი არ უშველით. ამიტომ, როდის რა მოუვათ თავში, მე ამ მძიმე ფუნქციას ვერ ავიღებ. წესით, აქამდეც არ უნდა მისულიყო ეს საქმე, არავის არაფერი დაუშავებია,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები