თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში მონაწილე, არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ქავთარაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების რამდენიმე ეპოზიდი განმარტა, თუ რის საფუძველზე ითხოვდა პატიმრობას.
ადვოკატი ელენე ქიშმარია, არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმალვის საფრთხისა და მტკიცებულებების განადგურების ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა. თუმცა აფვოკატმა ის არგუმენტიც განმარტა, რის გამოც აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას დაეთანხმა. ქიშმარიას თქმით, გვარებს შორის კონფლიქტი არ მოგვარებულა, რის გამოც არის საფრთხე, რომ მხარეებმა ქისტური წესით იმოქმედონ.
პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა არბი ქავთარაშვილმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ სცნობს.
სახელმწიფო ბრალდება, 22 წლის არბი ქავთარაშვილს, 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.
რაც შეეხება 28 წლის რამაზ ხანგოშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ორი გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 22 იანვარს ჩაინიშნა.