სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. მთავარი თემა ის ცვლილებებია, რომელიც რეზიდენტებს ახალი რეფორმის შემდეგ შეეხებათ.
მოლაპარაკებას უნივერსიტეტის რექტორიც ესწრება. საუბარია თანხებზე, რომლის გადახდაც, სავარაუდოდ, სტუდენტებს გამოცდის ჩაბარებისთვის მოუწევთ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მათ დაგვიანებით, მას შემდეგ გაიგეს, რაც გამოცდების თარიღი უკვე ცნობილი იყო.
ახალგაზრდები ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, რეზიდენტურაზე სწავლის საფასური გაორმაგდეს, რაც მათი თქმით, სამედიცინო სფეროს მიმართ სტუდენტების დაინტერესებას შეამცირებს.
"ეს არის ჩვენი უპატივცემულობა. ვერ ვიღებთ სათანადო ცოდნას რეზიდენტურაში. თუ კი არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები და ისევ თანხების გადახდა მოგვიწევს აბსურდულ გამოცდებში, რომლის ტესტებიც კი, ნორმალურად არ არის ჯერ შედგენილი, პასუხები არ შეესაბამება კითხვებს და ა.შ. ყველა იძულებული გახდება, რომ დატოვოს ქვეყანა," - აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მათ რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად 80 ლარი უნდა გადაიხადონ, ამ ფაქტის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს როცა გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.