უვადო მოსამართლეების საკითხზე ომბუდსმენის არგუმენტები დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა.
შუამდგომლობა, რომლითაც ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს, გამწესრიგებელ სხდომაზე განიხილეს. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები. სახალხო დამცველმა მათ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის გასამყარებელი 2 არგუმენტი წარუდგინა.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების კანდიდატთა ნაწილი ახლა პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ხმაურიანი 10 კაციანი სიის ერთ-ერთ ფიგურანტს, თამარ ალანიას ომბუდსმენთან კითხვები აქვს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრას კვლავ ბოიკოტს უცხადებენ. ნაწილი პარლამენტში, ნაწილი კი მის გარეთ, პიკეტირებისა და აქციების ფორმით. ოპოზიციონერი კიდერების თქმით, თუ საქმე იქამდე მივა, რომ პარლამენტმა წარმოდგენილ მოსამართლეებს კენჭი უყარა, პროცესი შეუქცევადი გახდება.
სიის ჩასაგდებად პროტეტსს შეუერთდება არასაპარლამენტო ოპოზიციაც. როგორც "ლელოში" აცხადებენ, საკანონმდებლო წინააღმდეგობის გარდა პროცესებმა ისიც გამოავლინა, რომ მმართველ გუნდს მათი გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეების დაწინაურება სურს.
ხელისუფლებაში კი არსებული ნორმის კონსტიტუციაში შეუსაბამობას ვერ ხედვენ და ფიქრობენ, რომ ოპონენტებიც და ომბუდსმენიც თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ მათ პოზიციას გაიზიარებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ეუთო/ოდირის მიერ სექტემბერში დადებულ დასკვნას იხსენებს, რომელმაც მისი თქმით, ის კრიტიკა გაიზიარა, რაზეც თავადაც საუბრობდა. მათ შორის, საბჭოს მოსამართლეებსა და კანდიდატებს შორის არსებულ ნათესაურ კავშირებსა თუ სხვა უხეშ დარღვევებზე.
არასამთვარობო სექტორის ნაწილმა დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მოსამართლეთა სიისთვის მხარის დაჭერა თვითლიკვიდაციის ტოლფასია.
ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება კომიტეტებზე უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა, ამის შესახებ სხდომამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი. რისი თქმაც, დაზუსტებით შეიძლება ის არის, რომ ოპოზიცია ამ დღისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება, რათა სიის ჩასაგდებად უმრავლესობის დეპუტატებზე ზეწოლა გაზარდოს.