ქუთაისს დროშის აღმართვა 50 ათასი ლარი უჯდება. საგანგაშო მხოლოდ ეს არ არის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ამ თანხას საკრებულოს დეპუტატის ოჯახი მიიღებს.
ქუთაისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული სიმბოლო ნიკეას ქუჩაზე 50 მეტრის სიმაღლეზე იფრიალებს.
მერიაში პროექტი მზად აქვთ და უკვე ცნობილია, რომ სამუშაოებში ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯება.
სამჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, მეოთხედ გამარჯვებული "ქართული ოცნების" წევრის, ამირან კოპალეიშვილის კომპანია გახდა. ახლა მხარეებს საბოლოო ხელშეკრულების გასაფორმებლად რამდენიმე ტექნიკური საკითხი აქვთ დასაზუსტებელი.
სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიისთვის, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებდა თავდაპირველად 65 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. საეჭვო ტენდერთან დაკავშირებით კომენტარს ქალაქის მერიაში არ აკეთებენ.
"ქართული ოცნების" დეპუტატის არ სჯერა გოგი წულაიას. "თავისუფალი საქართველოს"იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქუთაისის მერიას ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი მერიამ წელიწადნახევრის განმავლობაში ოთხჯერ გამოაცხადა. ამ პერიოდში ქალაქის მთავრობამ რამდენჯერმე შეცვალა, როგორც ღირებულება, ასევე დროშის განთავსების ადგილი.