18 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ქვეყნის ღირსების საკითხია, ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობიდან დროულად გათავისუფლდეს - ექიმის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ტრავმატოლოგის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, დღეს პოლიტიკოსებიც ჩავიდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათი პოზიცია ერთია - ვაჟა ექიმი არის სამოქალაქო გმირობის მაგალითი. 

"ეს ზეპარტიული საკითხია. ჩვენ ოკუპანტის წინაშე უნდა ვიყოთ ერთიანი და მტკიცე და ვითხოვდეთ ყველა საშუალებით და ხერხებით მის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას,"- აღნიშნა "კურიერთან" საუბრისას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

"აქ არის საქართველოს თავისუფლება და ზოგადად, ეს ადამიანი არის საქართველოს თავისუფლების და სინდისის სიმბოლო. ვაჟა გაფრინდაშვილი ასხივებს ჩვენი ქვეყნის ბრძოლის უნარს თავისუფლებისთვის,"- განაცხადა "კურიერთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

"ბატონმა ვაჟამ თავისი ღირსეული საქციელით გვაჩვენა, რომ ოკუპაციასთან და ოკუპაციის შედეგებთან არ შეიძლება შეგუება. სწორედ იმ სიტყვების გამო, რომ საზღვარი არა გორსა და ცხინვალს შორის, არამედ როკის გვირაბზე და ფსოუზე გადის - ამის გამო ის დღემდე იმყოფება რუსეთის მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში,"-განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადეობისთვის ცნობილი სხვადასხვა წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დროულად გათავისუფლდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები