პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარებას ინტერპელაციის წესით გეგმავენ.
ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ყველა რესურსს გამოიყენებენ, რათა 15 წლის მოზარდის სიკვდილში დამნაშავე პირები დაისაჯონ.
ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დარწმუნებულია, რომ ჰუმანური მოპყრობის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
"ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. სკოლის მხარეს მე დამაკლდა, პირველ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის მხრიდან რეაგირება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ საპარლამენტო ინსტრუმენტს, რომ აბსოლუტურად ყველამ აგოს პასუხი, თუკი იკვეთება დანაშაული ან რაიმე ტიპის გადაცდომა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ მომხდარიყო შესაბამისი ჰუმანური რეაგირება,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ფრაქციის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვერავინ აარიდოს თავი დამსახურებულ სასჯელს.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავწმინდეთ მოძალადე გამომძიებლებისგან, მოძალადე პროკურორებისგან და მოძალადე მოსამართლეებისგან ეს სისტემა. ჩვენ ვერ გავწმინდეთ არაპროფესიონალი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებისგან ეს სისტემა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას, ვინმე დაუძვრეს ამ სიტუაციას რამენაირად ან, რამე არასწორი ნაბიჯი გადადგას,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი