საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელებზე ნაწყენი არ არის და გადაწყვეტილების გამო ბრალდებებს არავის უყენებს.
"საკრებულოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ჩემი ქმედება გუნდის რეპუტაციას აზიანებს. კი ბატონო, თუ ჩემი ქმედებები გუნდის რეპუტაციას აზიანებს, ისინი გამემიჯნენ. ანუ მე ვარ ცუდი, სხვები არიან კარგები, მე დავუშვი შეცდომა უპატიებელი..." - აღნიშნა კუხიანიძემ.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. გუშინ მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან დღეს გარიცხეს.