ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არათუ დანაშაული დამალა, არამედ ცოტნე გამსახურდია გადაარჩინა:
"შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდა მას იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია როცა მივიდა იქ იყო და ფაქტიურად ნახეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქვე, სასწრაფო დახმარების მანქანას გაყვა და საავადმყოფოში მიიყვანა, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაარჩინა," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.