"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 2 პირის საქმე წინა სასამართლო სხდომიდან არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. საქმის არსებითი განხილვა 3 იანვარს გაიმართება. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ "რუსთავი 2-ის" საქმის არსებითი განხილვის დროს, გამოიკითხოს ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში.
ასევე, დაკმაყოფილდა კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის და ასევე, სარჩელის ერთ-ერთი განმცხადებლის, ნინო ნიჟარაძის გამოკითხვას ეხება.
წინასასამართლო პროცესზე, დღეს ნიკა გვარამიასა და მისი ადვოკატების ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო - ბრალდებულების წინააღდეგ სისხლის სამართლის წარმოების შეწყვეტა.
"რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას საკუთარი პოზიციების სრულად ჩამოყალიბებისთვის დრო არ მიეცა.
"დღეს უკვე გამოიკვეთა, რომ მოსამართლემ, ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ნორმალურად წარმართავდა სხდომას, როგორც ჩანს, შენიშვნა მიიღო ამასთან დაკავშირებით და პროცესი არ გადადო. მე ვითხოვე, რომ 6 ეპიზოდიანი ბრალისთვის მოვმზადებულიყავი, დღევანდელ სხდომაზე მთავარი საკითხი რაც წყდებოდა იყო - მიეცემოდა თუ არა საქმეს შემდეგი მსვლელობა. ამ სხდომის აზრი, ყველაზე უფრო დიდი აზრი, გარდა ტექნიკური ნაწილისა და მტკიცებულებების გამოკვლევისა, წარმართვისა თუ არ წარმართვისა, არის მთლიანად როგორ შეფასდება საქმე. მე ვფიქრობ, ზუსტად იმ ტიპის საქმეა, რომელიც სამოქალაქო სამართლისაა თავის შინაარსით და უბრალოდ, აბსურდული ბრალია წაყენებული, მაქსიმუმ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.
წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით იმსჯელა. ორივე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმის არსებით ეტაპზე განიხილება. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ის არსებით განხილვაზე დამატებით 45 მოწმის გამოკითხვას ითხოვდა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ 10 ადამიანი შეირჩევა და მოხდება მათი გამოკითხვა.