17 სექტემბერი 2026,   21:47
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება

"ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი არაერთი შეხვედრა, ასევე მისი ორმხრივი შეხვედრა გენმდივანთან.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შედგა იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში აქვს.

"ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, სექტორის გლობალურ გამოწვევებზე და დავსახეთ, მათ შორის საერთო თანამშრომლობის გეგმები და ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად, მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ის ახალი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმში განათლების თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება

დღის ამბები