კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი - 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ახალი ინდივიდების დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ირმების ასაკი ერთ წლამდეა და მიმდინარე წელს მათ პირველი მყვირალობა ექნებათ, რაც პოპულაციის გამრავლებისა და განახლების შესაძლებლობებს ზრდის.
კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა. მეურნეობაში არსებული ირმების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 9 ინდივიდს შეადგენდა. ამ პერიოდში სპეციალისტები მათ მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ, რაც ირმების ქცევის, სოციალური დინამიკისა და გარემოსთან ადაპტაციის პროცესის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებითა და კამერებით. მეურნეობაში შექმნილია შესაბამისი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.
„სახეობათა აღდგენის გეგმის ფარგლებში, გასულ წელს ალგეთის ეროვნულ პარკში დავიწყეთ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი. წელს ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. კავკასიაში კეთილშობილი ირმის პოპულაცია საგრძნობლად არის შემცირებული, ამიტომ ახალი ინდივიდების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახეობის სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბებისკენ. ალგეთის ეროვნული პარკი ამ მნიშვნელოვანი კონსერვაციული ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი არეალია“, - განაცხადა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა.
კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მათი რაოდენობის 20 ინდივიდამდე გაზრდა. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმების ველურ ბუნებაში ეტაპობრივი გაშვება იგეგმება.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ირმების რეინტროდუქციის პროცესზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საშენ მეურნეობაში ინდივიდების დამატება ყოველწლიურად გაგრძელდება.
"რეინტროდუქციის პროცესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. პირველი ირმები შარშან გადმოვიყვანეთ, წელს კი კიდევ 6 ინდივიდი შევმატეთ. ყოველწლიურად მოხდება ირმების დამატება, რათა მივიღოთ სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
საშენ მეურნეობაში უკვე არსებული ირმების ერთწლიანი დაკვირვების შედეგები პროგრამის წარმატებით გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამისთვის ალგეთის ეროვნული პარკი მიზანმიმართულად შეირჩა. ტერიტორია თრიალეთის ქედის შუაგულში მდებარეობს, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები და მაღალი დაცულობის ხარისხი ოპტიმალურ პირობებს ქმნის როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მისი შემდგომი დაცვისთვის.