საქალაქო სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” წევრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრი სხვა მოსამართლეების არჩევის გაპროტესტებისას სხვა პირებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე აქციისას დააკავეს. გურამ ჩალაგაშვილი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
“სამხრე კამერების ჩანაწერებში იქნება აღბეჭდილი მანამდელი მდგომარეობა და ქცევა თითოეული ჩვენგანის. იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ არავინ არც იგინება, არც არავის შეურაცხყოფას აყენებს, არაფერს აშავებს. აქედან გამომდინარე, გაითიშა სამხრე კამერები და არ უნდათ, ეს ყველაფერი მოიტანონ. მაგრამ ვიცით ყველამ, რომ სამხრე კამერების ჩანაწერი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხნიანიც არ უნდა იყოს, სერვერზე ინახება. შესაბამისად, მათ მოუწევთ სერვერიდან ამონაწერის მოტანა და მტკიცება იმისა, რომ ჩვენ რაღაც დავარღვიეთ, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია,“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესიკ გაზდელიანი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების დანაშაულს არ ამტკიცებს.
“ყველა მტკიცებულება, რაც კი წარმოადგინა ჩვენს სიმართლეს უფრო ადასტურებს, ვიდრე ბრალდების მხარის პოზიციას. დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ მტკიცებულებები, რაც კი წარმოადგინეს, არსად არ იკვეთება ჩვენი ბრალეულობა,“ - აცხადებს ბესიკ გაზდელიანი.