11 სექტემბერი 2026,   16:30
ვრცლად
ხანძარი ატენის ხეობაში - ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები და შსს-ს ვერტმფრენი ამ დრომდე ცდილობენ

უკვე 12 საათია ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. იწვის ტყე. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში ცოცხალ ძალასთან ერთად უკვე  ავიაციაც ჩაერთო. ვერ ხერხდება ვერც ხანძრის ლოკალიზება, საგანგებო ჯგუფებს რთული რელიეფი უშლის ხელს. გზის არარსებობის გამო ოპერაციაში ვერც სპეციალური ტექნიკა ერთვება.

სოფელ ორმოცის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ დაზუსტდა, ცეცხლი უკიდია დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიას და გაირკვა, რომ იწვის როგორც ტყის მასივი, ასევე ალპური ზონაც.

ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მუხლუხოვანი სპეციალური ტექნიკა შევიდა, დღეს დილით კი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური ვერტმფრენი, ადგილზე ასევე მუშაობენ მეხანძრე მაშველები.

"ხანძარი უკიდია და არის ცეცხლის კერები როგორც მიწის საფარზე, ასევე ტყის ზონებში და ალპურ ზონაში, მაგრამ პროცესი მართვას ექვემდებარება, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი და ადგილზე ასევე მუშაობს დაახლოებით 200-ზე მეტი ცოცხალი ძალა. სრული კოორდინირებული საქმიანობა მიმდინარეობს იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად დროულად და შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება," – აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი​.

რაც შეეხება სხვა ცნობებს, ცოტა ხნის წინ ასევე ითქვა, რომ არ დაზიანებულა და არ განადგურებულა წითელ წიგნში შესული სახეობები. ასევე ადგილზე გახსნილია სპეციალური საკოორდინაციო შტაბი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის პროცესის კონტროლი.

ამ შტაბში აქტიურად მუშაობენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და მეხანძრე-მაშველთა სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.

დღის ამბები