შიდა ქართლში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან, ცეცხლის კერები ერთ ზონაში რჩება, სადაც მეხანძრეთა ჯგუფები და ტექნიკაა მობილიზებული.
კასპის მუნიციპალიტეტში კი, ტყის მასივსა და ალპურ ზონაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
სამუშაოებში ისევ ჩართულია ავიაცია. ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს, ტყის მასივში ხანძარი 24 დეკემბერს გაჩნდა.
"ამ დროისთვის ატენის ხეობაში მდგომარეობა არის უცვლელი. გუშინ მოხდა ხანძრის 4 კერის ლიკვიდაცია. დარჩა 1 კერა, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. ადგილზე მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე მუშაობს ავიაცია. ვერტმფრენებმა განახორციელეს ჯამში დაახლოებით 40 წყლის დასხმა, 40 გაფრენა.
რაც შეეხება რკონის ხეობას, იქ მუშაობს 100 მეხანძრე-მაშველი," - აცხადებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი.